Thursday, March 17, 2016


ყველას გილოცავთ დედის დღეს! ეს არის ქალაქ ბათუმის ერთ-ერთი ბავშვთა სახლის აღსაზრდელის მარიამ ღლონტის ჩანახატი. ამ წერილის წაკითხვის შემდეგ იქნებ უფრო მეტად დავაფასოთ დედა. ,, შენთან ხომ მუდამ გაზაფხულია, ჩემო დედიკო. მინდა გითხრა, რომ შენგან იმდენი სიყვარული და სითბო მახსოვს, შენთან მოსვლამდე მეყოფა” ,,წვიმს… მოწყენილი და სველი კვამლი ცას ეტმასნება და სადღას ერთვის..” წვიმს… ჩემს ფანჯრის მინებს ღაპაღუპით დასდის ცრემლები . ტირის ქალაქი, ჩემთან ერთად ტირის. ცა თითქოს ჩუმი საყვედურით მისველებს ფიქრებს… მარტი და წვიმა შენეული ტკივილით ,მტკივა, ჩემო დედიკო!… 18 მარტი შენი სიცოცხლის ბოლო დღე იყო, გარდაიცვალე, ,,წმიდათა, თანა განუსვენე ,ქრისტე , სულსა მხევლისა შენისასა…”გადასახლდა შენი სული იმ ქვეყანაში, ზეციურ საუფლოში დაიდე ბინა. ,, კურთხეულხარ შენ უფალო ,და მასწავენ მე სიმართლენი შენნი…” მახსენდება შენი სიტყვები გარდაცვალებამდე რამოდენიმე დღით ადრე რომ გვითხარი: ,, გადაუარა ბალახმა საფლავს სიცოცხლის წერტილს. შენ ჩემთვის როგორ არა ხარ, მე აღარავარ შენთვის”. ისურვე, რომ ეს სიტყვები შენი საფლავის ქვაზე დაგვეწერა. მე მჯერა, ჩემო დედიკო , იგივე ვარ შენთვის, რაც ვიყავი . ისევ ისე მეალერსები და მსახავ პირჯვარს… მე კი ძალიან დამაკლდი, მენატრები!… ნეტავი ისევ დამანახა შენი თბილი , მომღიმარი მზერა, სიყვარულით ავსებული თვალები, უსიტყვოდ რომ გეუბნებიან სათქმელს . უფალი სახარებაში გვმოძღრავს: ,, სხეულის სანთელი შენი თვალია , როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელია… ” შენს თვალებში ჩანდა ამ სიტყვების ჭეშმარიტება. ხან რა ტკივილი და სევდა იგრძნობოდა შენს ცქერაში. ალბათ ჩუმად მემშვიდობებოდი, მეალერსებოდი, მლოცავდი…გულის გულში მტკივა უშენობა, ჩემო ტკბილო, უძვირფასესო დედიკო. გაზაფხულმა იცვალა ფერი, მოწყენილია მთელი ქალაქი უშენოდ. ირგვლივ ყველაფერი სევდამ მოიცვა.არც მერცხლები მოფრენილან, ნუთუ… მინდოდა მეთქვა და სათქმელი მძივივით შემაწყდა პირზე. საიდანღაც მესმის უწმინდესი პატრიარქის საგალობელი და სულს მალამოდ ეფინება: ,, დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან , უფალო! …” შენსავით მიყვარს გაზაფხული! მიყვარს, ყველა და ყველაფერი ასჯერ უფრო მეტად მიყვარს ამ დროს!… შენთან ხომ მუდამ გაზაფხულია, ჩემო დედიკო, მინდა გითხრა რომ შენგან იმდენი სიყვარული და სითბო მახსოვს, შენთან მოსვლამდე მეყოფა!,,სიყვარულია უფალი , სიყვარული აერთიანებს მიწიერს და ზეციერს,მას საზღვარი არ გააჩნია” ლამაზად უთქვამს პოეტს: ,, უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე სიო არ დაჰქრის , ტყე არ კრთება სასიხარულოდ… უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ” უფალო, იესო ქრისტე, მასწავლე სიყვარული, გულის ფიცარზე დამიწერე შენი სახელი! აცხოვნე ჩემი დედა,დაიფარე ჩემი ოჯახი და გადაარჩინე ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო! მარიამ ღლონტი https://batumi2010.wordpress.com/2011/03/04/309/

No comments:

Post a Comment