Sunday, June 19, 2016

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!


საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა

       1918 წლის 26 მაისს გოლოვინის (რუსთაველის) გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, თავისი უკანასკნელი სხდომა ჩაატარა ამიერკავკასიის სეიმმა, საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა გაიხსნა 1918 წლის 26 მაისს, კვირას ნაშუადღევს 4 საათსა და 50 წუთზე. ეროვნული საბჭოს სხდომა გახსნა მისმა თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ, სხდომას ესწრებოდა ეროვნული საბჭოს 42 წევრი და 36 კანდიდატი. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ერთხმად დაამტკიცა "საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი".

საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები, თბილისი, 26 მაისი, 1918 წ.
      ეროვნული მოძრაობის დიდ გამარჯვებას წარმოადგენდა ის, რომ უზენაესი საბჭო იძულებული გახდა 1990 წლის 28 ოქტომბრისათვის ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს- უზენაესი საბჭოს ახალი მრავალპარტიული არჩევნები დაენიშნა. პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში გამრჯვება წილად ხვდა პოლიტიკურ პარტიათა ბლოკს "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო". ახლად არჩეული უზენაესი საბჭოს პირველმა სესიამ, 1990 წლის 14 ნოემბერს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია ზვიად გამსახურდია. 1991 წლის 31 მარტს მოეწყო რეფერენდუმი, რეფერენდუმის დროს საქართველოს ყოველ მოქალაქეს უნდა ეპასუხა კითხვაზე: თანახმა იყო თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე? საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტურმა უმრავლესობამ, ამ კითხვას დადებითად უპასუხა. რეფერენდუმის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 1991 წლის 26 მაისს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია.




14 აპრილი - დედა ენის დღე!



      1978 წელს საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვისას აღმოჩნდა, რომ ამოღებული იყო ძველი კონსტიტუციის მუხლი, რომელიც ქართულ ენას რესპუბლიკის სახელმწიფო ენად აცხადებდა. 1978 წლი 14 აპრილს, რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ კონსტიტუციის საბოლოო დამტკიცების დროს, რუსთაველის გამზირზე ზღვა ხალხი შეიკრიბა, ეს იყო მშვიდობიანი პოლიტიკური მანიფესტაცია, რაც საბჭოთა კავშირში იქამდე წარმოუდგენელი რამ იყო. პროექტის განხილვის ბოლო მომენტში ედუარდ შევარდნაძემ კრემლისგან მიიღო თანხმობა სახელმწიფო ენის შესახებ მუხლის აღდგენაზე, ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა. ორიოდე წლის შემდეგ 14 აპრილი დედა-ენის დღედ გამოცხადდა და გოგებაშვილის "დედა ენას" თბილისში ძეგლიც კი დაუდგეს.

დედა ენის ბაღში დედა ენის ძეგლი, თბილისი.
არქიტექტორები: ელგუჯა ამაშუკელი და ნოდარ მგალობლიშვილი

ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები


  1989 წლის 4 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე დაიწყო ფართომასშტაბიანი პერმანენტული მიტინგი, რომლის უშუალო მიზეზი იყო აფხაზეთში დაწყებული სეპარატისტული გამოსვლები. თანდათანობით მომიტინგეთა უპირველეს მოთხოვნად იქცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა შიმშილობა გამოაცხადა. 9 აპრილს საბჭოთა შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების რაზმებმა მომიტინგეების დაშლით სისხლში ჩაახშეს სახალხო გამოსვლა. თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა. საბჭოთა ხელისუფლების დაუნდობელმა მოქმედებამ უიარაღო მომიტინგეთა და მოშიმშილეთა მიმართ საქართველოს მოსახლეობას გაუქრო ის მცირე ნდობაც, რომელიც მას შერჩენოდა საბჭოთა ხელისუფლების მიმართ. საბჭოთა ჯარის გაუმართლებელმა სისასტიკემ კიდევ უფრო გაამძაფრა ეროვნული დამოუკიდებლობის მოთხოვნა და მოახდინა ეროვნული მოძრაობის რადიკალიზაცია.
9 აპრილის სისხლიანი დაპირისპირების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა. 


               
          


Thursday, March 17, 2016


გაზაფხულის შემობრძანებას გილოცავთ ! სულში და გულში მუდამ გეგაზაფხულებოდეთ !

ყველას გილოცავთ დედის დღეს! ეს არის ქალაქ ბათუმის ერთ-ერთი ბავშვთა სახლის აღსაზრდელის მარიამ ღლონტის ჩანახატი. ამ წერილის წაკითხვის შემდეგ იქნებ უფრო მეტად დავაფასოთ დედა. ,, შენთან ხომ მუდამ გაზაფხულია, ჩემო დედიკო. მინდა გითხრა, რომ შენგან იმდენი სიყვარული და სითბო მახსოვს, შენთან მოსვლამდე მეყოფა” ,,წვიმს… მოწყენილი და სველი კვამლი ცას ეტმასნება და სადღას ერთვის..” წვიმს… ჩემს ფანჯრის მინებს ღაპაღუპით დასდის ცრემლები . ტირის ქალაქი, ჩემთან ერთად ტირის. ცა თითქოს ჩუმი საყვედურით მისველებს ფიქრებს… მარტი და წვიმა შენეული ტკივილით ,მტკივა, ჩემო დედიკო!… 18 მარტი შენი სიცოცხლის ბოლო დღე იყო, გარდაიცვალე, ,,წმიდათა, თანა განუსვენე ,ქრისტე , სულსა მხევლისა შენისასა…”გადასახლდა შენი სული იმ ქვეყანაში, ზეციურ საუფლოში დაიდე ბინა. ,, კურთხეულხარ შენ უფალო ,და მასწავენ მე სიმართლენი შენნი…” მახსენდება შენი სიტყვები გარდაცვალებამდე რამოდენიმე დღით ადრე რომ გვითხარი: ,, გადაუარა ბალახმა საფლავს სიცოცხლის წერტილს. შენ ჩემთვის როგორ არა ხარ, მე აღარავარ შენთვის”. ისურვე, რომ ეს სიტყვები შენი საფლავის ქვაზე დაგვეწერა. მე მჯერა, ჩემო დედიკო , იგივე ვარ შენთვის, რაც ვიყავი . ისევ ისე მეალერსები და მსახავ პირჯვარს… მე კი ძალიან დამაკლდი, მენატრები!… ნეტავი ისევ დამანახა შენი თბილი , მომღიმარი მზერა, სიყვარულით ავსებული თვალები, უსიტყვოდ რომ გეუბნებიან სათქმელს . უფალი სახარებაში გვმოძღრავს: ,, სხეულის სანთელი შენი თვალია , როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელია… ” შენს თვალებში ჩანდა ამ სიტყვების ჭეშმარიტება. ხან რა ტკივილი და სევდა იგრძნობოდა შენს ცქერაში. ალბათ ჩუმად მემშვიდობებოდი, მეალერსებოდი, მლოცავდი…გულის გულში მტკივა უშენობა, ჩემო ტკბილო, უძვირფასესო დედიკო. გაზაფხულმა იცვალა ფერი, მოწყენილია მთელი ქალაქი უშენოდ. ირგვლივ ყველაფერი სევდამ მოიცვა.არც მერცხლები მოფრენილან, ნუთუ… მინდოდა მეთქვა და სათქმელი მძივივით შემაწყდა პირზე. საიდანღაც მესმის უწმინდესი პატრიარქის საგალობელი და სულს მალამოდ ეფინება: ,, დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან , უფალო! …” შენსავით მიყვარს გაზაფხული! მიყვარს, ყველა და ყველაფერი ასჯერ უფრო მეტად მიყვარს ამ დროს!… შენთან ხომ მუდამ გაზაფხულია, ჩემო დედიკო, მინდა გითხრა რომ შენგან იმდენი სიყვარული და სითბო მახსოვს, შენთან მოსვლამდე მეყოფა!,,სიყვარულია უფალი , სიყვარული აერთიანებს მიწიერს და ზეციერს,მას საზღვარი არ გააჩნია” ლამაზად უთქვამს პოეტს: ,, უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე სიო არ დაჰქრის , ტყე არ კრთება სასიხარულოდ… უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ” უფალო, იესო ქრისტე, მასწავლე სიყვარული, გულის ფიცარზე დამიწერე შენი სახელი! აცხოვნე ჩემი დედა,დაიფარე ჩემი ოჯახი და გადაარჩინე ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო! მარიამ ღლონტი https://batumi2010.wordpress.com/2011/03/04/309/

Friday, February 12, 2016

ნოდარ დუმბაძე ,,მაინც რა არის სამშობლო?"


,,...იქნებ რაფიელ ერისთავის ის ორი სტრიქონია, ,,როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა" ან იქნებ აკაკის ,,განთიადია" სამშობლო?! ან ვაჟას სიმღერაა _ ,,სამშობლოს არვის წავართმევ, ნურც ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრი, მკვდარსაც კი გაეცინება". ვფიქრობ, სამშობლო დავით აღმაშენებლის ,,გალობანი სინანულისანი" არის, დემეტრე მეფის ,,შენ ხარ ვენახია", პაატა სააკაძე, ქეთევანის დაშანთული მკერდი, თამარის გვირგვინი და ,,ვეფხისტყაოსანია"...
იქნებ ვაზია სამშობლო? აბა დააკვირდით, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაჰკრიფო, თუ მაღლარია _ ცაში ხელებაპყრობილმა. ორივე საოცრად გავს ლოცვას, ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს. მე ვიცი, რომ სამშობლო გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული. სამშობლო ყველაფერია, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია..."