Sunday, June 19, 2016

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!


საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა

       1918 წლის 26 მაისს გოლოვინის (რუსთაველის) გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, თავისი უკანასკნელი სხდომა ჩაატარა ამიერკავკასიის სეიმმა, საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა გაიხსნა 1918 წლის 26 მაისს, კვირას ნაშუადღევს 4 საათსა და 50 წუთზე. ეროვნული საბჭოს სხდომა გახსნა მისმა თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ, სხდომას ესწრებოდა ეროვნული საბჭოს 42 წევრი და 36 კანდიდატი. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ერთხმად დაამტკიცა "საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი".

საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები, თბილისი, 26 მაისი, 1918 წ.
      ეროვნული მოძრაობის დიდ გამარჯვებას წარმოადგენდა ის, რომ უზენაესი საბჭო იძულებული გახდა 1990 წლის 28 ოქტომბრისათვის ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს- უზენაესი საბჭოს ახალი მრავალპარტიული არჩევნები დაენიშნა. პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში გამრჯვება წილად ხვდა პოლიტიკურ პარტიათა ბლოკს "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო". ახლად არჩეული უზენაესი საბჭოს პირველმა სესიამ, 1990 წლის 14 ნოემბერს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია ზვიად გამსახურდია. 1991 წლის 31 მარტს მოეწყო რეფერენდუმი, რეფერენდუმის დროს საქართველოს ყოველ მოქალაქეს უნდა ეპასუხა კითხვაზე: თანახმა იყო თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე? საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტურმა უმრავლესობამ, ამ კითხვას დადებითად უპასუხა. რეფერენდუმის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 1991 წლის 26 მაისს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია.




14 აპრილი - დედა ენის დღე!



      1978 წელს საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვისას აღმოჩნდა, რომ ამოღებული იყო ძველი კონსტიტუციის მუხლი, რომელიც ქართულ ენას რესპუბლიკის სახელმწიფო ენად აცხადებდა. 1978 წლი 14 აპრილს, რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ კონსტიტუციის საბოლოო დამტკიცების დროს, რუსთაველის გამზირზე ზღვა ხალხი შეიკრიბა, ეს იყო მშვიდობიანი პოლიტიკური მანიფესტაცია, რაც საბჭოთა კავშირში იქამდე წარმოუდგენელი რამ იყო. პროექტის განხილვის ბოლო მომენტში ედუარდ შევარდნაძემ კრემლისგან მიიღო თანხმობა სახელმწიფო ენის შესახებ მუხლის აღდგენაზე, ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა. ორიოდე წლის შემდეგ 14 აპრილი დედა-ენის დღედ გამოცხადდა და გოგებაშვილის "დედა ენას" თბილისში ძეგლიც კი დაუდგეს.

დედა ენის ბაღში დედა ენის ძეგლი, თბილისი.
არქიტექტორები: ელგუჯა ამაშუკელი და ნოდარ მგალობლიშვილი

ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები


  1989 წლის 4 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე დაიწყო ფართომასშტაბიანი პერმანენტული მიტინგი, რომლის უშუალო მიზეზი იყო აფხაზეთში დაწყებული სეპარატისტული გამოსვლები. თანდათანობით მომიტინგეთა უპირველეს მოთხოვნად იქცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა შიმშილობა გამოაცხადა. 9 აპრილს საბჭოთა შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების რაზმებმა მომიტინგეების დაშლით სისხლში ჩაახშეს სახალხო გამოსვლა. თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა. საბჭოთა ხელისუფლების დაუნდობელმა მოქმედებამ უიარაღო მომიტინგეთა და მოშიმშილეთა მიმართ საქართველოს მოსახლეობას გაუქრო ის მცირე ნდობაც, რომელიც მას შერჩენოდა საბჭოთა ხელისუფლების მიმართ. საბჭოთა ჯარის გაუმართლებელმა სისასტიკემ კიდევ უფრო გაამძაფრა ეროვნული დამოუკიდებლობის მოთხოვნა და მოახდინა ეროვნული მოძრაობის რადიკალიზაცია.
9 აპრილის სისხლიანი დაპირისპირების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.